European University Institute of Law

Statute

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. ა(ა)იპ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი (შემდეგში - ინსტიტუტი) წარმოადგენს შპს ევროპის უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად;

1.2. ინსტიტუტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

1.3. ინსტიტუტი უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონმდებლობის თანახმად დააფუძნოს ფილიალები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში და არბიტრაჟში;

1.4. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, დ. გურამიშვილის გამზ., N 76;

1.5. ინსტიტუტს გააჩნია საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიში, როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში, საკუთარი ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული მისამართი და ვებგვერდი: www.law.org.ge

მუხლი 2. ინსტიტუტის მისია

ინსტიტუტის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მუხლის 3. ინსტიტუტის საქმიანობის მიზნები და ამოცანები

ინსტიტუტის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

3.1. სამართლის მიმართულებით ახალი ცოდნის გენერირების და ფუნდამენტური კვლევებისათვის ხელის შეწყობა;

3.2. კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებთან და პარტნიორებთან;

3.3. საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზება;

3.4. პერიოდული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა;

3.5. უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელება (გაცვლითი პროგრამები, გრანტები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით და სხვ.);

3.6. პოპულარული უცხოური სახელმძღვანელოების და პუბლიკაციების თარგმნა;

3.7. საერთაშორისო აკადემიური სიმპოზიუმების, კონფერენციების, ფორუმების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სემინარების, მრგვალი მაგიდების, დებატების ორგანიზება;

3.8. უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამების განვითარებისათვის ხელშეწყობა;

3.9. საზოგადოების განათლების ამაღლება სამართლებრივი ცნობიერების სფეროში;

3.10. სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.

მუხლი 4. ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები

წინამდებარე წესდებით მოცემული მიზნების და ამოცანების განხორციელებისთვის ინსტიტუტი:

4.1. ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობებს;

4.2. თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან;

4.3. მონაწილეობას იღებს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად;

4.4. თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

4.5. ახორციელებს უცხოეთიდან მეცნიერ-მკვლევართა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტში მათ მიერ სემინარებზე მოხსენებებისა და ლექციების წაკითხვას;

4.6. გამოსცემს სამართლის პრობლემატიკაზე სამეცნიერო ჟურნალს და თემატურ კრებულებს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით;

4.7. ახდენს სამართლის პრობლემატიკაზე უცხოური სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას;

4.8. ეხმარება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაერთონ მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით, ასევე კვლევით საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში;

4.9. ახორციელებს იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას, გამოდის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დასაცავად;

4.10. ეწევა სხვა სასწავლო, საკონსულტაციო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 5. ინსტიტუტის სტრუქტურა

ინსტიტუტი შედგება ინსტიტუტის ხელმძღვანელის (დირექტორის), სამეცნიერო და დამხმარე პერსონალისაგან.

მუხლი 6. ინსტიტუტის დირექტორი

6.1. ინსტიტუტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი.

6.2. დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სამართლის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

6.3. ინსტიტუტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტს და წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ურთიერთობებში;

ბ) გამოსცემს ბრძანებებს, ქმნის კომისიებს, ხელს აწერს ყველა ოფიციალურ დოკუმენტს ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში;

გ) განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებსა და ფორმებს;

დ) დამფუძნებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ინსტიტუტის ემბლემას, ბიუჯეტს, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;

ე) ახორციელებს ინსტიტუტის სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის შერჩევასა და დანიშვნას;

ვ) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

ზ) ჩართულია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, როგორც სამეცნიერო პერსონალი და კვლევითი პროცესების ხელმძღვანელი;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი

7.1. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შედგება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირებისაგან:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  • უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  • მეცნიერი თანამშრომელი.

7.2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალად შეიძლება დანიშნულ იქნას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც უნივერსიტეტში არ უჭირავს აკადემიური თანამდებობა და გააჩნია შესაბამისი სამეცნიერო გამოცდილება ან კვალიფიკაცია.

7.3. მთავარ მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

7.4. უფროს მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

7.5. მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს დოქტორანტი, ასევე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

7.6. ინსტიტუტის დირექტორი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იმავდროულად ითვლება მთავარ მეცნიერ თანამშრომლად

მუხლი 8. მეცნიერის უფლებები და ვალდებულებები

8.1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

ბ) მონაწილეობა მიიღოს დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში;

გ) წარმართოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ინსტიტუტის ამოცანების შესრულებასთან.

8.2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას სამეცნიერო კვლევის ეთიკა და კეთილსინდიერების ნორმები;

ბ) არ განახორციელოს ინსტიტუტის დირექტორის თანხმობის გარეშე, ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგების რაიმე ფორმით ინსტიტუტის გარეთ გამოყენება;

გ) ინსტიტუტის დირექტორის თანხმობის შემდეგ ინსტიტუტში განხორციელებული კვლევის შედეგების პუბლიკაციისას მიუთითოს ინსტიტუტის დასახელება;

დ) თავის კვლევებში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით და ინსტიტუტის წესდებით დადგენილი მოთხოვნები;

ე) ყოველი წლის დასაწყისში წარადგინოს ინსტიტუტის დირექტორის სახელზე წინა წლის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ანგარიში.

მუხლი 9. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალი

ინსტიტუტის დამხმარე პერსონალი უზრუნველყოფს ინსტიტუტის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

მუხლი 10. ანაზღაურება

10.1. ინსტიტუტის დირექტორს, ისევე როგორც ინსტიტუტის სხვა პერსონალს შესაძლებელია მიეცეს ინდივიდუალური შრომითი ანაზღაურება;

10.2. ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი ინსტიტუტის დამფუძნებელთან შეთანხმებით.

მუხლის 11. ინსტიტუტის დაფინანსება

ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია:

11.1. ინსტიტუტის საბაზო და პროგრამული დაფინანსება, განხორციელებული უნივერსიტეტის მიერ;

11.2 სხვადასხვა ფონდებიდან მოძიებული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

11.3. სპონსორთა საქველმოქმედო თანხები, ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებიდან მიღებული შემოსავალი (ჰონორარი) და საგამომცემლო საქმიანობით მიღებული თანხები.

11.4. სხვა შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 12. ინსტიტუტის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

ინსტიტუტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.

მუხლი 13. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

13.1. ინსტიტუტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13.2. ინსტიტუტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი.

13.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში. დაკმაყოფილდენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

13.4. გადაწყვეტილება ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 1.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ ინსტიტუტის დამფუძნებლები. 1.6. ინსტიტუტის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მოზნებს;

გ) ქონება გადეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.7. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 14. სხვა დებულებები

14.1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ინსტიტუტის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.

14.2. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14.3. წინამდებარე წესდების რომელიმე დებულების ბათილობა არ გამოიწვევს მთელი წესდების ბათილობას, იგივე წესი მოქმედებს, როდესაც წესდებაში რაიმე ხარვეზი იქნება დადგენილი.