პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები 2015“
17 September 2022
LAWANDWORLD
„ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა“ და „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ გაიმართა.
კონფერენცია გახსნა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა მინდია უგრეხელიძემ. მეცნიერებმა იმსჯელეს საქართველოში მართლმსაჯულების პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგას ქართული მართლმსაჯულება, განიხილეს პრობლემების გადაჭრის მეცნიერული მიდგომები.
„საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ქართულმა მართლმსაჯულებამ რთული გზა განვლო. სამწუხაროდ, სასამართლოები ყოველთვის ვერ იდგენ მოწოდების სიმაღლეზე, რისი დასტურიც გახლავთ წინა ხელისუფლებების მმართველობის დროს სასამართლოების მიერ გამოტანილი და ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურაში შეტანილი უამრავი საჩივარი. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობაშიც უამრავმა ხარვეზმა და პრობლემამ იჩინა თავი. სწორედ ამ პრობლემების და ხარვეზების გამოსწორების გზების და მათი დაძლევის ძიებას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია“- განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა იოსებ კელენჯერიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა სამართლის დარგში აღიარებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს. კონფერენციას ესწრებოდნენ მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.