შედარებითი სისხლის სამართალი
3 May 2021
0
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტმა მორიგი წიგნი „შედარებითი სისხლის სამართალი“ გამოსცა. წიგნის ავტორები არიან ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მკვლევრები:
გიორგი ღლონტი – სამართლის დოქტორი, პროფესორი. სპეციალიზაცია – სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია. 35 წელზე მეტი სამართლებრივ კომპერატივისტიკაში მუშაობის გამოცდილება. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
იოსებ კელენჯერიძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი. სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი. 10 წელზე მეტი აკადემიური საქმიანობის გამოცდილება. აქვს სპეციალობით გამოქვეყნება ქართულ და უცხოურ გამოცემებში.
თათია დილიძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი. სპეციალიზაცია – სისხლის სამართალი. 10 წელზე მეტი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება. ათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების თანაავტორი.
ალექსანდრე ღლონტი – სამართლის დოქტორობის კანდიდატი, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების მაკს პლანკის სისხლის სამართლის ინსტიტუტის დოქტორანტურა (ფრაიბურგი გერმანია). გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კომპარატივისტიკაში.
სახელმძღვანელო შედგენილია „«students friendly“ ფორმატის შესაბამისად, რომელიც შეიცავს არამარტო საავტორო ტექსტებს ან ლექციების კურსს, არამედ სხვა მასალებსაც, რომლებიც აუცილებელია საგნის საფუძვლიანი შესწავლისათვის. საუბარია საკანონმდებლო აქტებსა და მათ კომენტარებზე, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლო პრაქტიკაზე, კლასიკურ იურიდიულ ტრაქტატებსა და თანამედროვე დოქტრინალურ საკითხებზე, ასევე, ცხრილებსა და სქემებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამარტივებენ რთული და მოცულობითი მასალის შესწავლის პროცესს.
სტუდენტები დაეუფლებიან დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის მეთოდიკებს საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის მიხედვით, საექსპერტო დასკვნების მომზადებას შედარებითი სისხლის სამართლის საკითხებთან მიმართებით, პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს უცხოურ იურისდიქციაში, ექნებათ სამეცნიერო კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები შედარებითი სისხლის სამართლის სფეროში.
სახელმძღვანელოს შესწავლა სტუდენტ-იურისტებს შესაძლებლობას მისცემს აითვისონ და სრულყონ სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენციები. წიგნში აღწერილია შედარებითი სისხლის სამართლის მეთოდოლოგია და სისხლისსამართლებრივი სისტემები, შედარებულია ინგლისის, აშშ-ის, საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ესპანეთის, პოლონეთის, ჩინეთის, ირანის, იაპონიის სისხლის სამართლის ძირითადი ინსტიტუტები.
Comments