სამართლის კვირეული
20 May 2018
0
2018 წლის 15-17 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სამართლის საერთაშორისო კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მინესოტას შტატის სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები (აშშ) ქართველ სამართალმცოდნეებს შეხვდნენ. ქართველ იურისტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ აშშ-დან მოწვეული მოსამართლეების გამოცდილება გაეზიარებინათ და ქართულ სამართლებრივ სისტემასთან პარალელები გაევლოთ.
მოსამართლეებს შორის იყვნენ:
ბილ კოჩი;
პაულ ანდერსონი;
მერი იუნკერი;
დეან ჰაილგერსი;
ჯეკ რაისი.
15 მაისს ამერიკელი მოსამართლეები საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელს შეხვდნენ და საქართველოს სამართალდამცავი სისტემის თავისებურებებს გაეცვნენ. შეხვედრები საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა.
16 მაისს სტუმრებმა საჯარო ლექციები ჩაატარეს ევროპის უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტების გარდა ქართველი ადვოკატები და პრაქტიკოსი იურისტებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას ლექციათა ციკლის სახე ჰქონდა, თითოეული სპიკერი კონკრეტული თემის ირგვლივ 25 წუთის განმავლობაში საუბრობდა, რის შემდეგაც მოხსენებული საკითხის შესახებ დისკუსია იმართებოდა.
ღონისძიებაზე მიმოიხილეს შემდეგი საკითხები:აშშ-ს საარჩევნო პროცესი; სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში; აშშ-ს სამართლის სკოლები; ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სისტემა; აშშ-ს კონსტიტუცია; სასჯელის შეფარდების გზამკვლევი მინესოტაში.
17 მაისს კვირეული საერთაშორისო კონფერენციით დასრლდა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“.
Comments