კონცენტრაციების კონტროლი საქართველოში
15 August 2021
0
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის გვანცა ჩადუნელის (თანაავტორებთან ერთად) კვლევითმა პროექტმა ,,კონცენტრაციების კონტროლი საქართველოში: სამართლებრივი და ეკონომიკური კრიტერიუმების გავლენა კონკურენციასა და მომხმარებლთა კეთილდღეობაზე” ა(ა)იპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მხარდამჭერები არიან ა(ა)იპ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი და ა(ა)იპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი, გარდა იმისა, რომ სრულად ასახავს მიზნად დასახულ შედეგებს, შემუშავდა ერთგვარი „handbook”-ის/სახელმძღვანელოს სახით. შეიქმნა სისტემური გამოყენებითი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებულია როგორც ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე, ასევე ევროკავშირის შესაბამის სამართალსა და პრაქტიკაზე და მოიცავს კონცენტრაციების პროცესში ეკონომიკურ კვლევასა და მიდგომებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროკავშირის პრაქტიკის მასშტაბით. გარდა ამისა, შეფასდა და გაანალიზდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების“ მოთხოვნებთან.
ვინაიდან „კონცენტრაციების კონტროლის“, როგორც ქართული სამართლებრივი და ეკონომიკური აკადემიური სფეროსთვის ახლადგანვითარებადი დარგის შესახებ, ქართულ ენაზე თითქმის არ მოიძებნება სახელმძღვანელო/ლიტერატურა, ამიტომაც, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მიერ ნაშრომი დაიბეჭდება და დაეგზავნება როგორც პროექტის ბენეფიციარი საჯარო უწყებების, ასევე მომხმარებელთა უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართელოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და ეკონომიკის ფაკულტეტის ბიბლიოთეკების სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით.
ამგვარად, აღნიშნული დოკუმენტი, ერთი მხრივ, იქნება გზამკვლევი გადაწყვეტილების მიმღები საჯარო უწყებებისთვის, მეორე მხრივ, ბაზარზე მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის იქნება პრაქტიკაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო, ხოლო, მესამე მხრივ, გამოყენებულ იქნება აკადამიურ-სასწავლო პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიულ და ეკონომიკის ფაკულტეტებზე.
Comments