ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციები საქართველოში“
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციები საქართველოში“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი როინ მიგრიაული, ამავე უნივერსიტეტის ასისტენტი მერი კეთილაძე და გოჩა ხარჩილავა - შპს „ინტერაუდიტის“ დირექტორი, ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბ „ფორუმის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და მათი გავლენა ბიზნესგარემოზე. მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ მოქმედი საწარმოები ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად.
დისკუსიის მონაწილეებმა კრიტიკულად შეაფასეს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა, მათი პრაქტიკაში განხორციელების პერსპექტივები და ბიზნესსექტორისათვის შესაძლო რისკები. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა რეფორმის დადებით ასპექტებზე, მათ შორის კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, ბიზნესსაქმიანობის გამჭვირვალობის ზრდასა და თანამედროვე სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და პრაქტიკოსი იურისტები, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები და კითხვები გაუზიარეს მომხსენებლებს.
პანელურმა დისკუსიამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პროფესიული და აკადემიური პერსპექტივიდან განეხილათ ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების თანამედროვე ტენდენციები და საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული პრაქტიკული საკითხები.