ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
გამარჯვებული პროექტი - „სამართლის კვლევების აკადემიური კატალოგი“ ითვალისწინებს საქართველოში სამართლის კვლევების ერთიანი ციფრული საძიებო პლატფორმის შექმნას, რომლის მიზანია სამართლის დარგში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნება ონლაინპლატფორმა, რომელიც იმუშავებს როგორც საქართველოში სამართლის სფეროში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ეროვნული საძიებო სისტემა. იგი ერთიან სივრცეში გააერთიანებს სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო ჟურნალში, კრებულსა და ინსტიტუციურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სამართლებრივ კვლევებს, სამეცნიერო სტატიებს, დისერტაციებს, მონოგრაფიებს, საკონფერენციო ნაშრომებს, კვლევით ანგარიშებსა და სხვა აკადემიურ პუბლიკაციებს.
კატალოგში ეტაპობრივად აისახება სამართლის სხვადასხვა მიმართულებით — საჯარო, კერძო, სისხლის, საერთაშორისო, ეკონომიკური და სხვა სამართლის დარგებში არსებული აკადემიური ნაშრომები. მკვლევრებს, სტუდენტებსა და პრაქტიკოს იურისტებს სასურველი კვლევების მოძიება შეეძლებათ როგორც საკვანძო სიტყვების გამოყენებით, ისე თემატური კლასიფიკაციისა და სამართლის შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.
პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქართველოში უკვე გამოქვეყნებული სამართლებრივი კვლევების მოძიებასა და მათზე წვდომას, ხელს შეუწყობს ქართული სამართლებრივი მეცნიერების ხილვადობის ზრდას, სამეცნიერო კომუნიკაციის განვითარებასა და სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემასა და ინსტიტუციაში არსებული კვლევითი რესურსების ერთიან აკადემიურ სივრცეში დაკავშირებას.
ქართული სამართლებრივი კვლევების თავმოყრასთან ერთად, პლატფორმის საერთაშორისო განვითარების მიმართულებით იგეგმება კატალოგში უცხოური სამეცნიერო ჟურნალებისა და მათში გამოქვეყნებული სამართლებრივი კვლევების ინტეგრაციაც. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუტის უცხოელი პარტნიორები. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული და უცხოური სამეცნიერო რესურსების ურთიერთდაკავშირებას, ქართული სამართლებრივი მეცნიერების საერთაშორისო ხილვადობის ზრდასა და შემდგომი ერთობლივი კვლევებისთვის აკადემიური კავშირების განვითარებას.