სამართალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
2026 წლის 20 ნოემბერს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. ღონისძიებამ ქართველი და უცხოელი მკვლევრები, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები გააერთიანა.
კონფერენციის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე შემდგომი კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა.
ღონისძიება გახსნა სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, იოსებ კელენჯერიძემ. მან ტექნოლოგიური განვითარების პროცესში სამართლის როლზე და საერთაშორისო აკადემიური დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ფარჯანაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
მონიკა ნამისლოვსკა - ლოძის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთი.
ფრედერიკ ზაიდერვეენ ბორხეზიუსი - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამართლის პროფესორი, რადბაუდის უნივერსიტეტის დიგიტალიზაციისა და საზოგადოების საკითხების ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი - iHub, ნიდერლანდები (ონლაინ).
ორესტე პოლიჩინო - კონსტიტუციური სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სრული პროფესორი, ბოკონის უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი, იტალია (ონლაინ).
ხათუნა ბურკაძე - სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო.
თათია დოლიძე - სამართლის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამართლის სკოლის დეკანი, საქართველო.
პაპუნა გურული - სამართლის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, საქართველო.
ღონისძიებას ასევე დაესწრო იულიტა მაჩიევსკა - ლოძის უნივერსიტეტის დოქტორანტი, პოლონეთი.
მომხსენებლებმაყურადღება გაამახვილეს მომხმარებელთა დაცვაზე, სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, ხელოვნური ინტელექტის კონსტიტუციურ განზომილებაზე, მისი მართვის სამართლებრივი საფუძვლებსა და მართლმსაჯულებაში ალგორითმების გამოყენებაზე. განხილული საკითხები უკავშირდებოდა საერთო კითხვას: როგორ უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამართლებრივი გარანტიების ეფექტიანი დაცვა?
მოხსენებების შემდეგ გამართულმა კითხვა-პასუხის სესიებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული მიდგომები პრაქტიკულ პრობლემებთან დაეკავშირებინათ. დისკუსიები შეეხო ავტომატიზებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობის განაწილებას, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვასა და ევროპული გამოცდილების სხვა სამართლებრივ სისტემებში გამოყენების შესაძლებლობებს.